საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 01/10/2021

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს

სხდომის ოქმი N 11

 01. 10. 2021

სხდომის დღის წესრიგი:

1. 4 ოქტომბრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების ფორმატი.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი, ია კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ლილი ხეჩუაშვილი, მედეა დესპოტაშვილი, შორენა მამუკაძე

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

 იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

ანა კვირიკაშვილი

მარიამ ხოშტარია

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 20 წევრი.

განიხილეს:

1. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ მოახსენა საბჭოს რექტორთან დეკანების შეხვედრის შედეგების შესახებ 4 ოქტომბრიდან თსუ-ში სწავლა-სწავლების ფორმატის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ დეკანებმა და რექტორმა იმსჯელეს საქართველოს მთავრობის 30.09.2021 N481 დადგენილებით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების შესაძლებლობების შესახებ. დეკანებმა აღნიშნეს, რომ რესურსების გათვალისწინებით, რაც ესაჭიროება მთავრობის მიერ გამსაზღვრული რეგულაციების სრულად დაცვას, სწავლება შესაძლებელია ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდეს, ძირითადი აქცენტით ონლაინ რეჟიმზე. ყველა ფაკულტეტს თავისი სპეციფიკა და საჭიროება აქვს და შესაბამისად ონლაინ და ოფლაინ ფორმატის კომბინაცია ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდება. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მოამზადა წინადადებები და აუცილებელია ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელოს სწავლების ფორმატის შესახებ.

ფაკულტეტის საბჭოს წევრმა, დეკანის მოადგილემ სასწავლო დარგში, ასოც.პროფ. ხათუნა  მარწყვიშვილმა საბჭოს წარუდგინა ფაკულტეტზე 4 ოქტომბრიდან სწავლა-სწავლების წესის პროექტი. აღნიშნული პროექტის მიხედვით, სწავლა ფაკულტეტზე იქნება ონლაინ, რადგანაც სამუშაო ჯგუფებისთვის, სადაც 25-30 სტუდენტია, რეგულაციების მიხედვით საჭიროა 50-60-კაციანი აუდიტორია. ასეთი აუდიტორია მე-3 კორპუსში სულ 9 გვაქვს, ამას ემატება უფრო დიდი 2 აუდიტორია და 11 აუდიტორიაში მთლიანი ბაკალავრიატის სამუშაო ჯგუფების განაწილება ვერ ხერხდება 6 დღიან კვირაში. რადგანაც თსუ-ში მიღებულია სწავლების ჰიბრიდული ფორმა, შუალედური და ფინალური გამოცდების ჩატარება შესაძლებელია პირისპირ.

პედაგოგიური პრაქტიკა ხორციელდება შემდეგნაირად: განათლების დეპარტამენტის სტუდენტები სკოლებში ჰიბრიდული სწავლების ან სრულად საკლასო ოთახში საგაკვეთილო პროცესის აღდგენის პირობებში  სურვილისამებრ ირჩევენ გაკვეთილებზე დასწრების ონლაინ ან საკლასო ოთახში დაკვირვების ფორმას. პროფესიული პრაქტიკისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება პრაქტიკის განხორციელების ადგილზე მოქმედი წესების შესაბამისად.

შუალედური და დასკვნითი გამოცდები საბაკალავრო საფეხურის ყველა საგანში შესაძლებელია ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში. მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე გადაწყვეტილებას იღებენ საგნის პედაგოგები სტუდენტებთან შეთანხმებით და გამოცდები შეიძლება ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე, პედაგოგების მიერ ფაკულტეტზე/აუდიტორიაში ან საგამოცდო ცენტრში.

ლექტორებისა და სტუდენტების სურვილის შემთხვევაში საკონსულტაციო შეხვედრები  შესაძლებელია ჩატარდეს ლაივ-ფორმატში (შესაბამისი სივრცის უზრუნველოყოფის მიზნით ფაკულტეტის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმირების საფუძველზე).

აზრი გამოთქვეს:

საბჭომ იმსჯელა ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ სწავლების ფორმატზე. ერთხმად აღინიშნა, რომ ონლაინ სწავლება არსებულ ვითარებაში არის ყველაზე ადეკვატური არსებული რეგულაციებისა და ფაკულტეტის სასწავლო ფართის რესურსის გათვალისწინებით. მით უმეტეს, რომ გაურკვეველია რა პროცენტითაა აცრილი მოწვეული ლექტორები და სტუდენტები. ასევე აღნიშნეს, რომ საკონსულტაციო შეხვედრები ამის მსურველი სტუდენტებისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა უნდა შეიზღუდოს რაოდენობა- 10 სტუდენტამდე ერთ ჯერზე. აზრთა სხვადახვაობა გამოიწვია გამოცდების ჩატარების საკითხმა.

ასოც. პროფესორებმა შ. მამუკაძემ, ე. ფირცხალავამ, ლ. ხეჩუაშვილმა აღნიშნეს, რომ დროა გამოცდები პირისპირ ჩატარდეს, რადგანაც შეუძლებელია კონტროლის მექანიზმის შემუშავება და საერთოდ აზრი არ აქვს გამოცდების ჩატარებას, სრული ფორმალობაა ამ პირობებში, რადგანაც ძალიან ბევრი ხერხი აქვთ გადაწერის.

პროფ. ჭკუასელმა განაცხადა, რომ ის არაა თანახმა საგამოცდო ცენტრში ჩაუტარდეთ განათლების მეცნიერებების მიმართულების  სტუდენტებს გამოცდა, ჯობს კორპუსში თვითონ პედაგოგებმა ჩაუტარონ პირისპირ. მათ ზეპირი კომპონენტიც აქვთ, რაც შეიძლება ან პირისპირ ან ონლაინ ჩატარდეს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ სტუდენტებს ექნებათ არგუმენტი, რომ მათ დროებით უნდა იქირაონ საცხოვრებელი, რაც გაურთულებს ცხოვრებას.

სტუდენტებმა ა.კვირიკაშვილმა და მ. ხოშტარიამ აღნიშნეს, რომ შუალედური გამოცდებისთვის სტუდენტებს გაუჭირდებათ გადაწყობა, განსაკუთრებით მათ, ვინც რაიონში ცხოვრობს და ისინი მხარს არ დაუჭერენ შუალედური გამოცდების პირისპირ ჩატარებას, თუმცა ემხრობიან ფინალური გამოცდის ჩატარებას საგამოცდო ცენტრში. პროფ. ლ. სურმანიძე დაეთანხმა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სირთულეების თავიდან ასაცილებლად ჯობს შუალედური გამოცდებიც ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური კი - პირისპირ.

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ რა სირთულეებიც იქნება შუალედური გამოცდებზე, ზუსტად იგივე სირთულეებს ექნება ადგილი ფინალურზეც. ზუსტად ვიცი, რომ წინააღმდეგობა იქნება დიდი, მაგრამ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ახერხებენ სტუდენტები გადაწერას. კვლევის შედეგებით ძალიან დიდი პროცენტია „ა“ შეფასებები, რაც ანომალიაა. ფეისბუკზე ვნახე გვერდი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მათ მაგივრად გამოცდების ჩაბარებას. ისედაც ერთმანეთის ექაუნთებს იყენებენ, საერთო ჩეთში პასუხებს უზიარებენ. ეს პროფანაცია და თავის მოტყუება უნდა მორჩეს.

რადგანაც აზრთა სხვადასხვაობაა და ყველა აზრს აქვს არსებობის და მხარდაჭერის უფლება, გთავაზობთ რამდენიმე წინადადებას და ყველას ვუყაროთ კენჭი ცალ-ცალკე.

პირველი წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს პირისპირ.

მეორე წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური გამოცდა კი -პირისპირ.

მესამე წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ.

საბჭოს მდივანი დააყენებს ყველა წინადადებას კენჭისყრაზე ცალ-ცალკე.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში

მომხრე: 12

წინააღმდეგი: 8

თავი შეიკავა: 0

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:  საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში.

მომხრე: 7

წინააღმდეგი: 11

თავი შეიკავა: 2

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ.

მომხრე: 2

წინააღმდეგი: 16

თავი შეიკავა: 2

დაადგინეს:

საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე  შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში.

დაადგინეს:

~

მიღებულ იქნას ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პროექტი 4 ოქტობრიდან სწავლების ფორმატის შესახებ მასში ცვლილების შეტანით: შეიზღუდოს ერთჯერადად კონსულტაციაზე მოსული სტუდენტების რაოდენობა 10-მდე.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე                  

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია